Cloudflare security-audit - როგორ შეამოწმოთ AI-ით შექმნილი პროექტის უსაფრთხოება

როგორ მუშაობს Cloudflare-ის security-audit სქილი: კოდის შემოწმება, აღმოჩენების დამოუკიდებელი გადამოწმება, ანგარიშები და გამოყენების შეზღუდვები.

AI-ით საიტის შექმნისას შედეგს ხშირად ფუნქციებით ვაფასებთ.

მუშაობს რეგისტრაცია? ემატება პროდუქტი კალათაში? იღებს მომხმარებელი შეტყობინებას?

უსაფრთხოების შემოწმებისას სხვა კითხვები ჩნდება.

შეუძლია მომხმარებელს სხვისი შეკვეთის ნახვა? ამოწმებს სერვერი ადმინისტრატორის უფლებას? ხომ არ იღებს AI ასისტენტი ისეთ მონაცემებს, რომლებზეც მომხმარებელს წვდომა არ აქვს?

ამ კითხვებზე მუშაობისთვის Cloudflare-ის security-audit სქილის გამოყენება შეგიძლიათ.

რა არის security-audit

სქილი AI აგენტისთვის განკუთვნილი ინსტრუქციებისა და დამხმარე ფაილების ნაკრებია.

security-audit განსაზღვრავს, როგორ შეისწავლოს აგენტმა პროექტი, მოძებნოს უსაფრთხოების შესაძლო ხარვეზები, გადაამოწმოს აღმოჩენები და მოამზადოს ანგარიში.

სრული პროცესი 6 ეტაპს მოიცავს - პროექტის შესწავლიდან საბოლოო ანგარიშამდე. სამუშაო ნაწილდება აგენტებს შორის, ხოლო აღმოჩენებს დამატებითი შემოწმება უტარდება.

პროექტის აღწერა

რატომ არის გადამოწმება მნიშვნელოვანი

წარმოიდგინეთ, AI-მ კოდში საეჭვო ფუნქცია იპოვა.

ამ ფუნქციის არსებობა ჯერ საკმარისი არ არის იმის სათქმელად, რომ მომხმარებელს სხვის მონაცემებზე წვდომა შეუძლია. შესაძლოა, მოთხოვნას მანამდე სხვა კონტროლი ამოწმებდეს.

security-audit-ის პროცესში აღმოჩენას სხვა აგენტი იღებს. მისი დავალებაა, თავიდან წაიკითხოს შესაბამისი კოდი და შეამოწმოს, ნამდვილად არსებობს თუ არა აღწერილი პრობლემა.

შემმოწმებელი ცდილობს საწყისი ვარაუდის გაბათილებასაც. ეს მიდგომა ამცირებს რისკს, რომ დამაჯერებლად დაწერილი, მაგრამ მცდარი დასკვნა საბოლოო ანგარიშში მოხვდეს.

გადამოწმების ინსტრუქცია

რა საკითხებზე შეიძლება მისი გამოყენება

სქილს აქვს მიმართულებები ვებაპლიკაციების, ავტორიზაციის, მონაცემების იზოლაციისა და სხვა სისტემების შესამოწმებლად.

ცალკე ინსტრუქციებია AI პროდუქტებისთვისაც.

მაგალითად, ჩატბოტის შემთხვევაში აგენტმა შეიძლება შეისწავლოს, ხომ არ ხვდება საუბარში სხვა მომხმარებლის ინფორმაცია, ან ხომ არ სრულდება მოდელის მიერ მოთხოვნილი მოქმედება შესაბამისი უფლების შემოწმების გარეშე.

მხოლოდ ის, რომ ჩატბოტს პასუხი შეაცვლევინეთ, დადასტურებულ ხარვეზად არ ითვლება. საჭიროა კავშირზე მითითება - როგორ მივიდა არასანდო ტექსტი სხვის მონაცემებამდე ან დაუშვებელ მოქმედებამდე.

AI სისტემების შემოწმების წესები

რას მიიღებთ შედეგად

ანგარიშში საკითხები მტკიცებულების მიხედვით იყოფა.

•confirmed - დადასტურებული ხარვეზი.

•needs_validation - საკითხი, რომლის დასადასტურებლად კონკრეტული ფაქტის შემოწმება აკლია.

•rejected - ვარაუდი, რომელიც შემოწმებამ გააბათილა.

თქვენთვის ეს ნიშნავს, რომ დამატებით შესამოწმებელი საკითხი ავტომატურად დადასტურებულ პრობლემად არ იქნება წარმოდგენილი. ასევე გამოჩნდება, რა დარჩა გაურკვეველი.

შედეგების ფორმატი

რა უნდა გაითვალისწინოთ გამოყენებამდე

სქილს აქვს როგორც კონკრეტულ კითხვაზე მუშაობის, ისე სრული აუდიტის რეჟიმი.

თუ მხოლოდ რეგისტრაციის უსაფრთხოება გაინტერესებთ, დავალებაში ეს პირდაპირ მიუთითეთ. სრული პროექტის აუდიტი უფრო ფართო სამუშაოს ნიშნავს.

კოდის გაშვებასა და ტესტირებას სქილი მკაცრად იზოლირებულ გარემოში ითხოვს. საჭირო პირობების გარეშე აგენტმა სამიზნე კოდი არ უნდა გაუშვას და უნდა აღწეროს, რის გადამოწმებას ვერ ახერხებს.

ამიტომ მხოლოდ ინსტალაციით ყველა სახის შემოწმებისთვის მზად ვერ იქნებით.

მოთხოვნები და მუშაობის რეჟიმები

როგორ დაიწყოთ

რეპოზიტორიაში მოცემული ინსტრუქციით დააყენეთ სქილი და თქვენს AI კოდინგ-აგენტს მიუთითეთ პროექტი.

საწყისი დავალება შეგიძლიათ ასე ჩამოაყალიბოთ:

Use the security-audit skill to review this project's authentication and authorization code. State what you checked, separate confirmed findings from issues needing validation, and explain any coverage gaps.

ჩემი რჩევაა, ანგარიშის მიღების შემდეგ პირველ რიგში ნახოთ მტკიცებულებები და შემოწმების ფარგლები.

თუ ანგარიშში ხარვეზი არ აღმოჩნდა, გადაამოწმეთ - კონკრეტულად რა შეისწავლა აგენტმა და სად ვერ შეძლო დასკვნის გამოტანა.

საკუთარ პროექტზე გამოსაყენებლად დაიწყეთ Cloudflare-ის რეპოზიტორიიდან.